ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

© photo: press-service of the Emergency Management Service of MIA / FBვაშლოვანში ხანძრის შედეგები
ვაშლოვანში ხანძრის შედეგები - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2021
გამოწერა
ხანძრის ქრობის სამუშაოებში სულ ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ცოცხალი ძალა, 50-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ შეინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით,  ხანძარი გავრცელებული იყო ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე. დაიწვა 4 ჰექტარი ტყის ქვედა საფარი და მოტეხილი ხის ტოტები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„რთული რელიეფის გამო ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს უწევდათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით წარმართვა. მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილზე მუშაობა დაიწყეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმაც“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რთული რელიეფისა და მიუდგომელ ადგილებში ხანძრის დროულად ჩასაქრობად, ხანძრის ქრობის  პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებიც ჩაერთო. უწყების ცნობით, გუშინ ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა, დღეს კი სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთი ვერტმფრენი იყო ჩართული.
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ბოლო ერთ კვირაში ხანძრის ეს მეორე შემთხვევა. მესაზღვრეებმა დაკვამლიანება გუშინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს.
ვაშლოვანის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა, 2003 წლიდან კი ნაკრძალის, ეროვნული პარკისა და ბუნების ძეგლების ერთიანი კომპლექსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში გაერთიანდა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 35.292 ჰექტარს შეადგენს.
 
ყველა ახალი ამბავი
0