„ვოცნებობდი ვინმეს ფეხი სტკენოდა. ქეიფების მოცეკვავე ვიყავი“ – ნინო სუხიშვილის აღიარება

© Facebook / Sukhishvili Ninoნინო სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
ნინო სუხიშვილმა აღიარა, რომ ყოველთვის სურდა ცეკვა, თუმცა თქმა ერიდებოდა, რადგან „სუხიშვილების“ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.
ანსამბლ „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი ლელა წურწუმიას შოუს ესტუმრა და გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც პარიზში გამართულ კონცერტზე 5000 მაყურებლის წინაშე პირველად გამოვიდა როგორც ანსამბლის მოცეკვავე.
ნინო სუხიშვილი იხსენებს, რომ ცეკვა ძალიან უნდოდა, მაგრამ იმ დროს ანსამბლში ძალიან მაღალი გოგონები იყვნენ, სხვა სტანდარტი იყო, ამის გამო ვერ ბედავდა მათ გვერდზე დგომას და ოჯახში საკუთარი სურვილის გამჟღავნებას. ამიტომ ცეკვის დაუოკებელ წყურვილს ქეიფებზე ცეკვით იკმაყოფილებდა – დღესასწაულებზე, ღონისძიებებზე, სუფრებზე ყველაფერს ცეკვავდა, არ ერიდებოდა.
„არ მერიდებოდა, ოღონდ გამეგო მუსიკა, ეგრევე ვდგებოდი. მამაჩემი ქეიფების მოცეკვავეს მეძახდა. ანსამბლში სამუშაოდ მხატვრად მივედი. მაშინ სოლიკო ვირსალაძე იყო ანსამბლის დიზაინერი, მის ასისტენტად ვიყავი. ძალიან მრცხვენია, მაგრამ ვოცნებობდი, რომ ვინმეს ფეხი სტკენოდა, ან ავად გამხდარიყო, ყველა პარტია ვიცოდი და მინდოდა შემეცვალა. როცა პირველად სცენაზე გამოსვლის უფლება მომცეს, ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე – პარიზში, 5000 მაყურებლის წინაშე, უზარმაზარ დარბაზში. იმ დონეზე ცეკვა არ ვიცოდი, მაგრამ იმდენად მინდოდა… „შევეკარი“ ერთ მოცეკვავეს, ნელი ხაჟომიას, ჩემს მასწავლებელს და მან მასწავლა ყველა პარტია. ოჯახის წევრები არ მასწავლიდნენ…“ – იხსენებს ნინო.
View this post on Instagram
A post shared by Sukhishvili - სუხიშვილები (@sukhishvilebiofficial)
სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
დღეს მსოფლიოში განთქმულ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილების დინასტიის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი – ნინო სუხიშვილი.
ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.
ყველა ახალი ამბავი
0