თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ვაშინგტონი ავღანეთში, დიდი ალბათობით, სამხედროების გარკვეულ ნაწილს დატოვებს მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან თავისი კონტინგენტის ძირითად ნაწილს გაიყვანს, იუწყება ტელეარხი CNN.
როგორც ტელეარხის წყაროები აზუსტებენ, „შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა რამდენიმე დღეში დაასრულოს ავღანეთიდან ჯარების გაყვანა“, თუმცა შესაძლოა იქ ათასამდე სამხედრო დატოვოს აშშ-ის საელჩოსა და ქაბულის აეროპორტის დასაცავად. პუბლიკაციაში აღინიშნება, რომ „ჯერჯერობით გაურკვეველია, ნატოს რამდენი ჯარისკაცი დარჩება“ ავღანეთში.
როგორც სააგენტო Associated Press წერდა გასულ კვირაში, ვაშინგტონი ავღანეთში სექტემბრამდე დაახლოებით 650 ამერიკელ სამხედროს დატოვებს დიპლომატების უსაფრთხოებისა და ქაბულის აეროპორტის დაცვის უზრუნველსაყოფად. ეს იქნება დროებითი ღონისძიება, სანამ აეროპორტის დაცვას საკუთარ თავზე თურქული ძალები არ აიღებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აპრილის შუა რიცხვებში მიიღო ავღანეთში ოპერაციის დასრულების გადაწყვეტილება და ქვეყნიდან ამერიკული კონტინგენტის 11 სექტემბრამდე გაყვანის გადაწყვეტილება. ამერიკის ისტორიაში ეს ყველაზე ხანგრძლივი უცხოური სამხედრო კამპანია იყო.