თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. გასული წლის ნოემბრიდან მოქმედი შეზღუდვა გადაადგილებაზე გაუქმებულია, საქართველოს მცხოვრებთ ღამის საათებში სეირნობა თავისუფლად შეუძლიათ.
მოსახლეობას ასევე ჩამოაწერეს ჯარიმები კოვიდ-შეზღუდვების დარღვევისთვის, რომლებმაც ჯამში 76 მილიონ ლარს გადააჭარბა. საუბარია ყველა ჯარიმაზე იზოლაციისა და კარანტინის წესების, პირბადის ტარების რეჟიმის დარღვევაზე.
ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 2 ათას ლარს შეადგენდა, იურიდიული პირისთვის - 10 ათას ლარს.
2020 წლის 9 ნოემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „კომენდანტის საათი“ დაწესდა ქვეყნის შვიდ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში. თავდაპირველად შეზღუდვა მოქმედებდა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან ის ერთი საათით გაგრძელდა და მისი მოქმედება 21:00 საათზე დაიწყო, გარდა ამისა, ის სავალდებულო მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდა.
„კომენდანტის საათი“ დროებით სამჯერ მოხსნეს - 2020 წლის 21 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, ახალი წლის და შობის ღამეს. სააღდგომოდ შეზღუდვა არ მოხსნილა, მაგრამ მისი მოქმედების ვადა შემცირდა - 23:00 საათიდან 04:00 საათამდე.
საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებდა ასევე 2020 წლის 21 მარტიდან 23 მაისამდე, მაგრამ მაშინ მთავრობამ ის აღარ გააგრძელა და ორ თვეს დასჯერდა. მაშინ ის 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებდა.