თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ვარკეთილის, გლდანისა და მუხიანის რაიონების მოსახლეობას 1 ივლისიდან ბუნებრივ აირზე ტარიფი რვა თეთრით გაეზრდება, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
GNERC-მა გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-თვის, რომელიც ბუნებრივი აირით თბილისის ცენტრალურ რაიონებს ამარაგებს, ბუნებრივი აირის ტარიფებს მაისის ბოლოს გადახედა. 1 ივნისიდან კომპანიის 500 ათასი აბონენტისთვის გაზზე ტარიფი 0,08 ლარით გაიზარდა და 53,972 თეთრს გაუტოლდა (დღგ-ს ჩათვლით).
კომისიამ ტარიფების დაკორექტირების გადაწყვეტილება მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიებთან მიმართებითაც მიიღო. ახალი ტარიფი 2022 წლის 31 ოქტომბრამდე იმოქმედებს.
კომპანია „ვარკეთილაირის" 16 ათასი აბონენტი 1მ3 მოხმარებულ გაზში 48.677 თეთრის ნაცვლად 57.062 თეთრს გადაიხდის.
კომპანია „ელექტროკავშირი", რომელიც გლდანსა და მუხიანში მცხოვრებ 12 ათას აბონენტს ემსახურება, 1მ3 გაზში 49.443 თეთრის ნაცვლად 57.794 თეთრს გადაიხდის.
გარდა ამისა, 1 ივლისიდან მოხმარებული გაზის ტარიფი 5 თეთრით გაიზრდება სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის.
კომპანია „გასკოს" 9 ათასამდე აბონენტი 1მ3 გაზში 48.301 თეთრის ნაცვლად 53.351 თეთრს გადაიხდის.
GNERC-ს ტარიფების გადახედვის მოთხოვნით თავად კომპანიებმა მიმართეს. კომისიამ თავისი გადაწყვეტილება ბოლო წელიწადნახევარში ლარის კურსის გაუფასურებით დაასაბუთა.