ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო ნატოს წევრ ქვეყნებს ეხმარება

© Sputnik / Alexander Imedashviliსამხედროები
სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესი 1 მაისს დაიწყო და 11 სექტემბრამდე დასრულდება. ჯარების გამოყვანა პარტნიორებთან სრული კოორდინაციით ხორციელდება.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო ნატოს წევრ ქვეყნებს სხვადასხვა სახის ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ტრანსპორტირების ქვედანაყოფისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებს.

საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი გაეცნენ. გერმანელი დიპლომატების განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო მხარდაჭერის მეშვეობით ჯარების გამოყვანის პროცედურები უფრო ეფექტიანად და სწრაფად ხორციელდება.

„საქართველო ავღანეთიდან ნატოს ჯარების გადმოსროლის პროცესში საქართველოსა და ნატოს შორის ტრანზიტის უზრუნველყოფისა და მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ მოქმედი ხელშეკრულების თანახმად მონაწილეობს, რომელიც ნატოს ძალებისთვის, მისი პერსონალისთვის, ნატოს კონტრაქტორებისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის უზრუნველყოფას ითვალისწინებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
მშვიდობისმყოფელები - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენდა.

2020 წელს კატარში შეერთებულმა შტატებმა და ავღანეთის რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა" 18-წლიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც 14 თვეში ავღანეთიდან უცხოური ჯარების გაყვანას და ტყვეთა გაცვლის შემდეგ ავღანეთის შიგნით დიალოგის დაწყებას გულისხმობს. თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს ავღანეთის ტერიტორიიდან ჯარები 2021 წლის 1 მაისისთვის უნდა გაეყვანა. აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესი 1 მაისს დაიწყო და 11 სექტემბრამდე დასრულდება. ჯარების გამოყვანა პარტნიორებთან სრული კოორდინაციით ხორციელდება.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ნატოს სამშვიდობო მისიაში ავღანეთში 2004 წლიდან მონაწილეობენ. 2015 წლიდან ის არასაომარ მისიად გამოცხადა და ეწოდა "მტკიცე მხარდაჭერა". 2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო, დაიღუპა 32 ჯარისკავი, რამდენიმე ასეული კი დაიჭრა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დისლოცირებული იყვნენ მაზარ-ი-შარიფსა და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე.

ქართულმა დანაყოფებმა ავღანეთი, სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობის დასრულების გეგმის თანახმად, დადგენილი გრაფიკის მიხედვით უკვე დატოვეს. ბოლო ქართული ქვედანაყოფი სამშობლოში გუშინ დაბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0