თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. თბილისში წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალის მატჩში საქართველოს წყალბურთის ნაკრები აშშ-თან ანგარიშით 9:13 (1:3, 2:5, 3:2, 3:3) დამარცხდა.
ამერიკელებმა დამაჯერებლად ითამაშეს პირველი ორი მეოთხედი და ხუთი ქულით დაწინაურდნენ (8:3), რითაც პრაქტიკულად გადაწყვიტეს მატჩის შედეგი.
შესვენების შემდეგ ქართველი წყალბურთელები გააქტიურდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს.
მეტოქის გუნდში თავი გამოიჩინეს ჰეინს დაუბემ და მაქს ირვინგმა, რომლებმაც სამ-სამი გოლი გაიტანეს. საქართველოს ნაკრებიდან სამი გოლი მარკო ელაჩამ გაიტანა.
თამაშს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.
В ჯგუფის მეორე მატჩში მონტენეგროს ნაკრებმა იაპონია ანგარიშით 16:8 დაამარცხა და ოთხეულში პირველ ადგილზე გავიდა. აშშ-ის ნაკრები ექვსი ქულით მეორე ადგილზე მოხვდა, საქართველო კი სამი ქულით მესამე ადგილზე გავიდა. იაპონიამ სამივე მატჩი წააგო და В ჯგუფის ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
А ჯგუფში საბერძნეთმა ყაზახეთი დაამარცხა ანგარიშით 14:9. იტალიისა და საფრანგეთის შეხვედრა მოგვიანებით გაიმართება. ამიტომ ჯერ არ არის ცნობილი, ვის შეხვდება საქართველო პლეი-ოფში.
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ¼ ფინალში გავა ყველა ნაკრები, რომელიც პლეი-ოფში გადანაწილდება ჯგუფში დაკავებული ადგილების შესაბამისად.