თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. მასშტაბური გარბენი „თბილისიმარათონი 2021“, რომელიც 26 სექტემბერს გაიმართება, მეათედ მოუყრის თავს სირბილის მოყვარულებს საქართველოს დედაქალაქში, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები Facebook-გვერდზე.
გარბენის მარშრუტი ტრადიციულად თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე გაივლის. მორბენლები რუსთაველის გამზირზე, 1-ლი გიმნაზიის ტერიტორიიდან აიღებენ სტარტს, გაირბენენ წრიულად და იქვე დაასრულებენ მარათონს. ღონისძიება საქველმოქმედოა.
მასში მონაწილეობის მიღება სამი ათას ადამიანს შეუძლია. რაც შეეხება გარბენებს, შესაძლებელია 10-კილომეტრიანი დისტანციის, ნახევარმარათონის (21,1 კმ) ან ბავშვების გარბენის არჩევა. მსურველებმა მარათონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებლად უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.
მარათონში მონაწილეობა ყოველთვის ფასიანი იყო. რეგისტრაციის ღირებულება აგვისტოს ბოლომდე 10-კილომეტრიან დისტანციაზე შეადგენს 25 ლარს, 21,1 კილომეტრიან დისტანციაზე - 30 ლარს. 2 სექტემბრიდან რეგისტრაციის დასრულებამდე 10-კილომეტრიან დისტანციაზე რეგისტრაცია 35 ლარი ეღირება, 21,1-კილომეტრიან დისტანციაზე - 40 ლარი. ბავშვებისთვის რეგისტრაცია უფასოა.
თუმცა ორგანიზატორები მარათონში მონაწილეობის მსურველებს აფრთხილებენ, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით, იმის რისკი, რომ პანდემიის მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში ღონისძიება არ შედგეს, მაინც არსებობს. ამასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ორგანიზატორებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მარათონის გაუქმების შემთხვევაში რეგისტრაციის თანხის დაბრუნება არ მოხდება და შემოსული თანხა ავტომატურად სრულად გადაეცემა ბენეფიციარს.
შარშან „თბილისიმარათონი“ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, მაგრამ ციფრულ ფორმატში მაინც ჩატარდა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა მსურველს დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან. მარათონში მონაწილეობა Strava-ს აპლიკაციის წყალობით გახდა შესაძლებელი. ესაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული პროგრამა, რომლის პლატფორმაზეც ყოველდღიურად 10 მილიონამდე სხვადასხვა სპორტული აქტივობები იტვირთება. ეს სპორტსმენებისთვის ერთგვარი სოციალური ქსელია.
ამ მარათონის დროს, როგორც წესი, გარბენის სპონსორები შემოსულ თანხას აორმაგებენ და ბენეფიციარებს ასე ურიცხავენ. ღონისძიების მთავარი სპონსორი კვლავ HeidelbergCement-ია.