თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. აშშ-ის დაზვერვას ეჭვი აქვს, რომ რუსეთი შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს „მართული ენერგიის“ გამოყენებაზე ამერიკელი დიპლომატების მიმართ, იუწყება გაზეთი The Washington Post (WP) აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია მიკროტალღების შესაძლო გამოყენებაზე 2017 წელს, როდესაც კუბაზე აშშ-ის საელჩოს რამდენიმე დიპლომატი და დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი დაავადდა ტვინის ფუნქციების დარღვევით, რის გამოც ვაშინგტონს მათი ქვეყნიდან გაყვანა მოუხდა. ჰავანა უარყოფდა რაიმე სახის კავშირს ამ შემთხვევასთან, რომლის მიზეზიც დღემდე დაუდგენელია.
როგორც WP წერს, მოგვიანებით ანალოგიური ინციდენტები დაფიქსირდა ჩინეთში, რუსეთსა და თავად შეერთებულ შტატებშიც. ამერიკულ დაზვერვას მიაჩნია, რომ ამასთან კავშირი შესაძლოა ჰქონდეს მოსკოვს, რომელმაც შეტევისთვის „მიკროტალღები ან მართული ენერგიის სხვა ფორმები გამოიყენა“.
გამოცემა არ აზუსტებს, რის საფუძველზე კეთდება მსგავსი დასკვნები. ის მხოლოდ ეყრდნობა ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, რომლის თქმითაც, ვაშინგტონი ჯერ კიდევ უნდა დარწმუნდეს, რომ დასკვნები მართებულია.
მანამდე, მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ არ იცის, ვინ არის პასუხისმგებელი მსგავსი ტიპის თავდასხმებზე.
კიდევ უფრო ადრე, მაისში გაზეთი New York Times აცხადებდა, რომ ტვინის დაზიანების იდუმალ პრობლემებს უცხოეთში დასაქმებული 130-ზე მეტი ამერიკელი დიპლომატი და სამხედრო შეეჯახა. გამოცემის ცნობით, ტვინის დაზიანების ხარისხი თავის ტკივილებიდან თვითმკვლელობაზე ფიქრებამდე ვარირებდა.
ჰავანაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებზე აკუსტიკური შეტევები 2016 წლის ბოლოდან ფიქსირდებოდა. მათ შესახებ პირველ დეტალურ სამედიცინო ანგარიშში 2018 წელს მიკროტალღური გამოსხივება ნახსენები არ იყო. თუმცა იმავე წლის სექტემბერში ასეთი ვერსია პენსილვანიის ნეიროქირურგიის უნივერსიტეტის პროფესორმა დუგლას სმიტმა გამოთქვა The New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ის ზემოხსენებული ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი იყო.