თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თბილისელები აღშფოთებული არიან შხამიანი ქვეწარმავლების გამოჩენის გამო ქალაქის სხვადასხვა რაიონში - დიდ დიღომში, საბურთალოზე, აფრიკის დასახლებაში, ორთაჭალაში, იუწყება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.
სააგენტოს მონაცემებით, რამდენიმე დღეში „ცხელ ხაზზე“ 450-ზე მეტი ზარი შევიდა. სპეციალისტები ამხელა ნაკადს ვერ უმკლავდებიან. ზარები ძირითადად გიურზებს უკავშირდება.
„გიურზა - ძალიან შხამიანი და საშიში გველია. სიგრძეში ის 1,5 – 2 მეტრს აღწევს“, - განაცხადა სააგენტოს თანამშრომელმა ტელეარხ „მთავარის“ ეთერში.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ კბენის შემთხვევაში ადამიანმა არ უნდა იმოძრაოს და ამბულატორიული დახმარების აღმოჩენამდე და „ანტიგიურზინის“ ინექციამდე რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღოს.
თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა 35-36 გრადუსს აჭარბებს.
საქართველოში 24 სახეობის გველი ბინადრობს, მათგან შხამიანი ოთხია — გიურზა, დინიკის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა. თბილისში გველის 12-მდე სახეობა ბინადრობს.
დღის გმირი: ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზას თავდასხმისგან იხსნა >>
სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების გასუფთავებას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან და ბალახის მოთიბვას, რათა გველებმა ბუდეების გაკეთება ვერ შეძლონ.