თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 25 ივნისს დაიხურება, სესიის ბოლო სხდომაზე დეპუტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს მოისმენენ.
151-გვერდიან ანგარიშში ასახულია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტების გადაჭრა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მართვა.
ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ მთავრობის მეთაურისადმი ბევრი კითხვა დაუგროვდათ. მათ შორისაა პანდემიის მართვასთან დაკავშირებული კითხვები.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, მთავარი საკითხები, რაზეც „ქართული ოცნება“ გაამახვილებს ყურადღებას – პანდემია და ეკონომიკური გამოწვევებია.
„მთავრობა, პარლამენტი, მთელი გუნდი გაერთიანებული იყო იმისთვის, რომ პანდემიის გამოწვევებისთვის სათანადო პასუხი გაეცათ. მინდა ვთქვა, რომ გუნდმა ეს შეძლო. მაქსიმალური გაკეთდა იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებიც დაზარალდნენ და სამსახური დაკარგეს, სახელმწიფოსგან მაქსიმალური დახმარება მიეღოთ“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, ბოლო წელმა აჩვენა, თუ რა არის სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა და რამდენად მნიშვნელოვანია საქმეში ერთობა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ ღარიბაშვილს დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. პარლამენტში 150 ადგილიდან „ქართულ ოცნებას“ 84 მანდატი აქვს, დანარჩენი ოპოზიციურ პარტიებს შორისაა გადანაწილებული.
ღარიბაშვილისთვის ეს პრემიერის რანგში პირველი ანგარიში იქნება ექვსი წლის შემდეგ. 2015 წელს პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ღარიბაშვილმა 2021 წლის თებერვალში მთავრობის მეთაურის სავარძელი კვლავ მოირგო. აღნიშნულ თანამდებობაზე მან გიორგი გახარია შეცვალა.
საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომის დღის წესრიგში შესულია რიგი კანონპროექტები, მათ შორის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი.