„მონანიება“ კანის კინოფესტივალზე ბრუნდება

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიავთანდილ მახარაძე – "მონანიება"
ავთანდილ მახარაძე – მონანიება - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს ამჯერად ლეგენდარული ქართული ფილმის ციფრულ ფორმატში რესტავრირებულ ვარიანტს შესთავაზებენ.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. თენგიზ აბულაძის საკულტო ფსიქოლოგიური დრამა „მონანიება“ 34 წლის შემდეგ კანის კინოფესტივალზე ბრუნდება – ქართული ფილმი წარმოდგენილი იქნება სექციაში „კანის კლასიკა“.

კანის ფესტივალი 6–17 ივლისის პერიოდში გაიმართება. ფესტივალს ლეოს კარაქსის ფილმი „ანეტი“ გახსნის, რომელშიც მთავარ როლებს მარიონ კოტიარი და ადამ დრაივერი ასრულებენ.

კანის კინოფესტივალზე „მონანიების“ მსოფლიო პრემიერა 1987 წელს გაიმართა. მაშინ ფილმმა სამი ჯილდო მოიპოვა – გრან–პრი, FIPRESCI-ის ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. 1988 წელს კი „მონანიება“ ნომინირებული იყო „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.

სექცია „კანის კლასიკა" 2004 წლიდან არსებობს. ამ სექციაში თავს იყრის კინოფესტივალის პროგრამაში ადრე ნაჩვენები ფილმები, რომლებსაც მაყურებელს ამჯერად ციფრულ ფორმატში რესტავრირებულს სთავაზობენ. ამიტომ ეროვნულმა კინოცენტრმა 2020 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო ფილმის გაციფრვა–რესტავრაცია. ფილმის სკანირება განხორციელდა პრაღაში, ჩეხური სტუდია UPP-ს მიერ (Universal Production Partners – Prague), ხოლო ე.წ. გრეიდინგი, ფერის და ხმის დამუშავება განხორციელდა საქართველოში, სტუდია „ფონოგრაფში“.

„მონანიება“ თენგიზ აბულაძის ტრილოგიის („ვედრება“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“) ბოლო ფილმია. ფილმი ეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა და პრაქტიკულად მაშინვე მოექცა მსოფლიო კინემატოგრაფიის ყურადღების ცენტრში. 1988 წელს ფილმმა რუსული პრემია „ნიკა“ ექვს ნომინაციაში მოიპოვა, მათ შორის „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში.

ყველა ახალი ამბავი
0