თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ღვინის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა გერმანულმა მედია-ჰოლდინგმა Meininger-მა საუკეთესო ქართული ღვინოების შესარჩევად კონკურსი–დეგუსტაცია ქალაქ ნოიშტადტში ჩაატარა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გერმანია ევროპაში ღვინის უმსხვილესი იმპორტიორია, რომელიც 2020 წლიდან საქართველოს სტრატეგიული ღვინის ბაზრების სიაშია შესული. გასულ წელს საქართველოდან გერმანიაში ექსპორტზე 700 ათასი ბოთლის ღვინო (ზრდა 4%) გავიდა.
2021 წლის ხუთი თვის მონაცემებით, გერმანიაში ექსპორტირებულია 314 ათასი ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია, ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
კონკურსში ქართული ღვინის მწარმოებელი 83 კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც „საფერავის“ მარკის ღვინის 152 ნიმუში წარადგინეს.
შერჩეულ ღვინოებზე სტატია უკვე დაიბეჭდა მედია-ჰოლდინგის ჟურნალ Weinwirtschaft-ის ივნისის ნომერში. ქართულ ღვინოებს კიდევ ერთი სტატია მიეძღვნება ჟურნალ Sommelier-ის სექტემბერის ნომერში.
გერმანიაში ქართული ღვინოების შესარჩევი კონკურსი–დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations ორგანიზებით გაიმართა. მისი მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაცია იყო.