თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ძიუდოში ცხრა სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ტოკიოში იასპარეზებს შვიდი მამაკაცი (თითო წონით კატეგორიაში თითო წარმომადგენელი) და ორი ქალი.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
კაცები:
- ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ)
- ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ)
- ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ)
- ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ)
- ლაშა ბექაური (-90 კგ)
- ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ)
- გურამ თუშიშვილი (+100 კგ)
ქალები:
- ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (-52 კგ)
- ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ)
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ვერ მიიღებს მონაწილეობას გუნდურ შეჯიბრებაში, რადგან ამისათვის შემადგენლობაში სამი ძიუდოისტი ქალი უნდა ყოფილიყო, ლიცენზია კი მხოლოდ ორმა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანისთვის მომავალი ოლიმპიური თამაშები მესამე იქნება მათ კარიერაში. შავდათუაშვილი ლონდონის თამაშებზე (2012) გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ოთხი წლის შემდეგ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანმა ლონდონში მხოლოდ მეცხრე ადგილი დაიკავა, ხოლო რიო-დე-ჟანეიროში ვერცხლი მოიგო.
ამ დროისათვის მთლიანად საქართველოს ნაკრებს 31 ოლიმპიური ლიცენზია აქვს.