თბილსი, 23 ივნისი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის დახურვის შესახებ განაცხადა, რომელსაც იგი 18 წლის განმავლობაში პატრონობდა.
ელიზბარაშვილის თქმით, თავშესაფრისთვის დახმარების გაწევის თხოვნით მან ბევრ ადამიანს მიმართა, მათ შორის ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლებს, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
როგორც ელიზბარაშვილმა აღნიშნა, იგი მზად იყო თავშესაფრის ტერიტორიის ნაწილი ნებისმიერი მსურველისთვის საჩუქრად გადაეცა იმ პირობით, რომ ახალი მფლობელი მის საკუთრებაში დარჩენილ ტერიტორიასა და ცხოველებზე რვა წლის მანძილზე იზრუნებდა, მაგრამ მსურველები არ გამოჩნდნენ.
„დასანანია, რომ მხოლოდ 18 წელი იარსება თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარმა, სანამ მე მქონდა ამის ფინანსური საშუალება. მაგრამ ყველაზე მეტად დასანანია, რომ ამ ქვეყანაში არც მთავრობამ, არც ბიზნესმა და არც საზოგადოებამ არ ჩათვალა საჭიროდ ჩემი თავშესაფარის არსებობა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ 18 წლის განმავლობაში თუნდაც ერთი ნაჭერი პური ან ერთი თეთრი უჩუქებია თავშესაფრის ბინადრებისთვის“, – დაწერა ელიზბარაშვილმა.
წერილის დასასრულს ელიზბარაშვილი დასძენს, რომ 22 ივნისიდან თავშესაფარი ცხოველებს აღარ მიიღებს. რაც შეეხება თავშესაფარში მყოფ ავადმყოფ ძაღლებს, ბიზნესმენის თქმით, ისინი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გადაეცემა. ჯანმრთელ ძაღლებს სტერილიზაციას ჩაუტარებენ და შემდეგ გაუშვებენ. თავშესაფარში დარჩებიან მხოლოდ დიდი ზომის ჯანმრთელი ძაღლები, რადგან მათი ქუჩაში გაშვება არ შეიძლება.
თბილისში თამაზ ელიზბარაშვილის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი 2004 წლის სექტემბერში დაფუძნდა. ამ წლების მანძილზე თავშესაფარი არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე 2015 წლის ივნისში წყალდიდობის შედეგად დატრიალებული ტრაგედია გახდა, რა დროსაც თავშესაფრის ბინადართა უმეტესობა დაიღუპა.
წყალდიდობის შედეგად მთლიანად დაიტბორა თავშესაფრის ტერიტორია, რომელიც სრულიად განადგურდა. მისი ტერიტორია აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა, მაგრამ ბიზნესმენი არ დანებდა, მან ახალი თავშესაფარი ააშენა სხვა ადგილზე.
ბოლო წლებში ძაღლების თავშესაფარი ფინანსური პრობლემების წინაშე არაერთხელ აღმოჩნდა, რასაც ხშირ შემთხვევაში შემოწირულობების ხარჯზე აგვარებდა.