თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. საქართველოში ვებ-მუზეუმი „ფიროსმანი“ შეიქმნა, სადაც თავს იყრის ყველა იმ ხელოვანის ნამუშევარი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან.
პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, „ფიროსმანი" უპრეცედენტო ვებ-მუზეუმია, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა იმ ხელოვანის ნამუშევარი, რომელიც მუშაობს სახვითი ხელოვნების ნებისმიერ სფეროში (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, მულტიმედია, ინსტალაცია, პერფორმანსი, კარიკატურა, ილუსტრაცია ა.შ.), არის ეროვნებით ქართველი და/ან საქართველოს მოქალაქე, ცხოვრების რაღაც ეტაპზე მოღვაწეობდა/მოღვაწეობს საქართველოში და მისი ერთი ნამუშევარი მაინც ეხება საქართველოს.
ვებ-მუზეუმი გააერთიანებს ყველა ეპოქის, ყველა ჟანრისა და სტილის ქართველ მხატვრებს, მოქანდაკეებს, კარიკატურისტებს, დიზაინერებს, არქიტექტორებს და ვიზუალურ არტისტებს.
პროექტის ორგანიზატორები დაინტერესებულ პირებს მიმართავენ, მოიძიონ ოჯახებში დაცული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, საკუთარი ნამუშევრები და დაუკავშირდნენ, ან ნამუშევრებს გადაუღონ ფოტოები და გაგზავნონ ელ-ფოსტაზე: libraryonlineforum@gmail.com.