თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგომას არ აპირებს და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას გეგმავს, იუწყება „პირველი არხი“.
თამარ ჟვანია ცესკოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. 2018 წლის დეკემბერში იგი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. ბევრი ოპოზიციური პარტია თამარ ჟვანიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აბრალებს. ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხზე კომპრომისს მიაღწიეს, მაგრამ არა ჟვანიას გადადგომის საკითხში.
„როგორც ხედავთ, მე აქ ვარ. ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის კომპოზიციის ნაწილში. შევხედავთ კანონმდებლობის ცვლილებებს. მე არსად წავსულვარ, წასვლას არ ვაპირებ “, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ჟვანიამ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციისგან მისთვის ბოდიშის მოხდის მოლოდინი არ აქვს.
„პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც უსაფუძვლო ბრალდებები მომისმენია. მე პირადად ამ არჩევნების შემდეგ პერიოდში მივიღე ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ასევე დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოდიში არაფერს ასწორებს, ყველაფერს ასწორებს სიმართლე. ჩვენ ძლიერები ვართ იმიტომ, რომ ვართ მართლები“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
2021 წლის ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რამდენადაც მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა.