ექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე ბრალდებულ მშობლებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
გამოწერა
ბავშვის მიმართ აღზრდის სასტიკი მეთოდების გამოყენებისთვის მის დედასა და მამინაცვალს 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს - დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
ექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა

შაბათს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია 6 წლის ბავშვის წამების და ცემის შესახებ. თბილისში არასრულწლოვნის დედა და მამინაცვალი დააკავეს. თავად დაზარალებული და მისი უმცროსი ძმა მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ბრალდების მონაცემებით, ბავშვს აშიმშილებდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, ხელებს უწვავდნენ.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის განცხადებით, მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობს, ასევე ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო მოქმედება.

საქმის პროკურორის, ნათია ნოზაძის თქმით, ორივე ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელშეშლის უკიდურესად მაღალი საფრთხე, ასევე მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.

„ამ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდით დასტურდება, რომ ორივე ბრალდებულის მიერ ჩადენილია სსსკ-ის ის ქმედება, რაც წარდგენილი აქვთ ბრალად – წამება არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად“, - განაცხადა ნოზაძემ.

პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
ცემა, ხელ-ფეხის შეკვრა, შიმშილი, დამწვრობა: თბილისში ბავშვის წამების საზარელი დეტალები

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

„სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ჩვენ დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ. მძიმე ბრალდებაა, მაგრამ საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომ ბავშვის მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი დედის ან მამის მხრიდან. არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარე დაადასტურებს მათ უდანაშაულობას“, - განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

მისი თქმით, საქმეში არსებული ფოტოები არ ადასტურებს მშობლების მხრიდან წამების ფაქტს.

„სოციალური მუშაკებისგან და მამისგან ვიცი, ბავშვი საკმაოდ ცელქია და ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამამ ან დედამ მიაყენა რაიმე სახის დაზიანებები. ხელების გაკოჭვაზე რა სურათებიც გავრცელდა, ამ სურათების გარდა, სხვა ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია, ამის შემსწრე პირი, მოწმე არავინ არ არსებობს. რა მომენტშია ეს გადაღებული, თამაშიდან გამომდინარე არის, თუ რა მოხდა, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, - აღნიშნა ღურწკაიამ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 აგვისტოს 12:00 საათზე დაინიშნა.

6 წლის ბავშვის მშობლებს (დედა და მამინაცვალი) ბავშვის წამება ედებათ ბრალად. გამოძიების ვერსიით, საუბარია 2019-2020 წლების პერიოდზე, რა დროსაც წამების ფაქტი რამდენჯერმე განმეორდა.

ბავშვის დედას და მამინაცვალს ბრალი სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით ედებათ („ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ“). დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0