Sputnik. ნიკიტა ჩიკუნოვი
მაგრამ იქნება თუ არა მოლაპარაკება ნაბიჯი სახელმწიფოების დაახლოებისკენ და სანქციების შერბილებისკენ? როგორ აისახება ორი ლიდერის საუბარი რუსეთისა და ევროპის ურთიერთობებზე? თემის მიმოხილვას Sputnik-ის მასალაში გაეცნობით.
მომავალზე გათვლილი შედეგები
16 ივნისს ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის ჟენევაში გამართულ დიალოგს ორი ქვეყნის ურთიერთობის რევოლუციური გარდაქმნა არ გამოუწვევია, მაგრამ მან შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს სრულფასოვან დიალოგს. ასეთ მოსაზრებას იზიარებენ ექსპერტები, რომლებმაც სამიტის დასრულების შემდეგ საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს საერთაშორისო მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.
ორი პრეზიდენტის შეხვედრის მნიშვნელოვანი შედეგი ერთობლივი განცხადების ხელმოწერაა, რომელიც ადასტურებს რუსეთისა და აშშ-ის ერთგულებას სტრატეგიულ შეიარაღებაზე კონტროლის მიმართ, ფიქრობს რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს გენერალური დირექტორი ანდრეი კორტუნოვი.
„მართალია, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმება (START-III) ხუთი წლით გახანგრძლივდა, დრო არც ისე ცოტაა. კარგი იქნებოდა, მხარეები შეიარაღებაზე კონტროლის ახალ მოდელზე თუ შეთანხმდებოდნენ“, – ამბობს ის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია აშშ-ის თანხმობა, ერთობლივი კონსულტაციების თემატიკაში ჩართოს კიბერუსაფრთხოების პრობლემა. ადრე ამ იდეის მიმართ აშშ-ის დამოკიდებულება ნეგატიური იყო და ერჩივნა მტკიცებულებების გარეშე დაედანაშაულებინა მოსკოვი ჰაკერულ თავდასხმებში, დასძენს ექსპერტი.
გარკვეულ ოპტიმიზმს აჩენს მოსკოვსა და ვაშინგტონში ელჩების დაბრუნება, ფიქრობს ანდრე კორტუნოვი და დასძენს, რომ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად ეს საკმარისი არ არის.
„ელჩები - „გენერლები“ არიან, მაგრამ ნებისმიერ გენერალს „ჯარი“ სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა საელჩოების საქმიანობის სრულფასოვნად აღდგენა, დიპლომატების, საკონსულო სამსახურების დაბრუნება“, – ხაზს უსვამს სპეციალისტი.
აშშ–რუსეთის ურთიერთობაში მრავალი პრობლემა დაგროვდა, რომელიც პირველი შეხვედრისთანავე არ გაქრება, აღნიშნავს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორი ვალერი გარბუზოვი.
„სამიტმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს კონსულტაციებს, მოლაპარაკებებს. თუ სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდება, დაიწყება შეხვედრები, ამ ყველაფერს კი შეავსებს სახელმწიფოთა მეთაურების სატელეფონო საუბრები ან პირისპირ შეხვედრები, დიალოგი განახლდება. შედეგს უახლოესი კვირების განმავლობაში ვიხილავთ“, – აღნიშნავს იგი.
ტრამპის გზა რომ არ განმეორდეს
ჟენევის სამიტს თავისდაუნებურად ადარებენ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას, რომელიც ჰელსინკიში 2018 წლის ივლისში, თითქმის სამი წლის წინ გაიმართა, აღნიშნავს ვალერი გარბუზოვი.
„ტრამპთან მოლაპარაკებაზე ყველა დიდ იმედებს ამყარებდა. ზოგი ამ შეხვედრას ისტორიულსაც უწოდებდა. საუბარი სასიამოვნო იყო, ყველა იღიმებოდა. შედეგად კი ყველაფერი სადღაც გაქრა. არ ვისურვებდი, მომავალში ჟენევის სამიტზეც ასე გვესაუბრა“, – ამბობს ექსპერტი.
ბაიდენის სასარგებლოდ მეტყველებს ვლადიმერ პუტინთან საკმაოდ სწრაფად ორგანიზებული შეხვედრა, ყურადღებას ამახვილებს ანდრეი კორტუნოვი. აშშ-ის წინა პრეზიდენტს - ტრამპს წელიწად-ნახევარი დასჭირდა, რათა თავისი პირველი და უკანასკნელი მოლაპარაკება გაემართა რუსეთის ლიდერთან.
კიდევ ერთი არსებითი განსხვავება – ბაიდენისა და ტრამპის ადმინისტრაციების მიერ აშშ–რუსეთის ურთიერთობების აღქმაა, დასძენს ვალერი გარბუზოვი.
„თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა საუბრობს ე.წ. „ახალ“ ურთიერთობაზე რუსეთთან - შერჩევით თანამშრომლობაზე. ეს ძალიან კარგი ხელმოსაჭიდია. მომავალი თანამშრომლობის ღერძი შეიძლება გახდეს შეიარაღებაზე კონტროლის სფერო, სტრატეგიული უსაფრთხოების პრობლემები. მომავალში დღის წესრიგი უნდა გაფართოვდეს. ორი მხარის დეკლარაცია შეხვედრის შედეგად – დიდი იმედების მომცემი დასაწყისია“, – ფიქრობს ის.
ევროპა, სანქციები და უკრაინა
აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობების უმნიშვნელო „დათბობაც“ კი აუცილებლად შეასუსტებს ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეების ანტირუსულ რიტორიკას. ამიტომ სამიტის პოზიტიური შედეგი მოსკოვისთვის გეოპოლიტიკურ ასპექტშიც ხელსაყრელია, დარწმუნებულია ვალერი გარბუზოვი.
„ახლა რუსეთთან თანამშრომლობის მხარდამჭერებს ბრიუსელში შედარებით გაუადვილდებათ საქმე, ვინაიდან ევროკავშირი, ასე თუ ისე, ყოველთვის ვაშინგტონისკენ იყურება. ისინი ითვალისწინებენ აშშ-ის პოზიციას რუსეთის მიმართ. ვფიქრობ, ჩვენი გერმანელი, იტალიელი და ფრანგი კოლეგები უფრო იოლად წამოაყენებენ ახალ ინიციატივებს, შემოგვთავაზებენ მოსკოვთან ურთიერთობის ახალ ფორმატებს, ვიდრე ეს ჟენევის შეხვედრამდე იყო“, – აღნიშნავს ანდრეი კორტუნოვი.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ბაიდენისა და პუტინის მოლაპარაკება ხელს შეუწყობს რუსეთი–ნატოს საბჭოს 2014 წელს შეწყვეტილი მუშაობის განახლებას. კონტაქტების აღდგენა შექმნიდა დამატებით შესაძლებლობებს ევროპული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების საკითხში არავითარი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, ვარაუდობს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი ივან ტიმოფეევი.
„არავითარი ამერიკული სანქციები უახლოეს მომავალში არ გაუქმდება. ამის წინაპირობები არ არსებობს. ზოგიერთი სანქცია აშშ-ის კანონმდებლობაშია დაფიქსირებული. ბაიდენს შეუძლია მხოლოდ მათი შეჩერება, როგორც ეს მოხდა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შემთხვევაში, მაგრამ არა გაუქმება. სანქციების შერბილებაც, ჩემი აზრით, მოსალოდნელი არ არის. მაგრამ არც ახალ დრაკონულ ზომებს უნდა ველოდოთ“, – აღნიშნავს იგი.
თუმცა ორი ქვეყნის ლიდერებმა ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე ურთიერთგაგებას ვერ მიაღწიეს, ამბობს ანდრეი კორტუნოვი. ასეთ პრობლემურ თემას მიაკუთვნებს ის უკრაინას. მხარეთა შეხედულებები ამ საკითხში ძლიერ განსხვავდება – პოზიციების დაახლოება ჯერ შეუძლებელია.
„ორივე პრეზიდენტი შეეხო ამ თემას, მაგრამ ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ. არის საერთო მიდგომა – საჭიროა მინსკის შეთანხმების დაცვა. პრობლემა ისაა, რომ მათი დაცვა სრულებით განსხვავებულად ესმით რუსეთსა და აშშ-ს. ფორმულა გამეორდა, მაგრამ ყველა თავის აზრზე დარჩა. უკრაინის თემა წამოიჭრა, მაგრამ პროგრესის მიღწევა ამ საკითხში ვერ მოხერხდა“, – ასკვნის ივან ტიმოფეევი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს