თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ბაქოსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენების სიხშირე იზრდება, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ავიარეისი ბაქო–თბილისი–ბაქო 23 ივნისიდან ყოველდღიურად შესრულდება, 20 ივლისიდან კი, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), რეისები დღეში ორჯერ განხორციელდება. ფრენებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways შეასრულებს.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო გადაზიდვების შესრულების ნებართვა მიმდინარე წლის 18 ივნისს მისცა.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარიულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2017 წელს შემოვიდა.