თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ქართულ ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi შემოდის, რომელიც აბუ-დაბიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ფრენები აბუ-დაბი–თბილისი–აბუ-დაბის მიმართულებით 1 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი) კვირაში სამი სიხშირით – ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას განხორციელდება.
ავიაკომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან შესაბამისი ნებართვა 18 ივნისს მიიღო. ფრენებს საჰაერო ხომალდი Airbus 320 შეასრულებს.
Air Arabia Abu Dhabi ავიაკომპანიების Etihad Airways-ის და Air Arabia-ს მიერ ერთობლივად ჩამოყალიბებული სამგზავრო ავიაგადამზიდველია, რომელმაც დაბალბიუჯეტური ფრენების განხორციელება 2020 წელს დაიწყო.