თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილები 2021 წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით, 42,4%-ით გაიზარდა და 187,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე.
მაისში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა იტალიიდან შემოვიდა – აღნიშნულ პერიოდში ამ ქვეყნიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 31,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17%-ია. 2021 წლის მაისში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იტალიიდან 15,7%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.
რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვრიდან პირველობა იტალიას დაუთმო, მარტი–აპრილში კვლავ დაიბრუნა ლიდერი პოზიცია, თუმცა მაისში კვლავ მეორე ადგილზე აღმოჩნდა.
რამდენი ვალუტა გადმოირიცხა ქვეყანაში
საქართველოს კომერციულ ბანკებში 2021 წლის იანვარი–მაისში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46,9%-ით გაიზარდა და 881,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს იტალია. იანვარი–მაისში იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 150 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17%-ია. 2021 წლის დასაწყისიდან იტალიიდან გადმოირიცხა 48,4%-ით მეტი თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან
2021 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 22,9 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 68,5%-ით მეტია.
2021 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 111,7 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 32,7%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.