თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ წლიურ ანგარიშს პარლამენტს მომდევნო კვირაში, 25 ივნისს წარუდგენს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მთავრობის მეთაურის ანგარიშის მოსმენით პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას დაასრულებს.
პრემიერ მინისტრის 154-გვერდიანი ანგარიში უკვე გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე და მისი დაახლოებით ნახევარი საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვას ეძღვნება. ანგარიშში ასევე ყურადღება ეთმობა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას, ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ ღარიბაშვილს დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. პარლამენტის 150 წევრიდან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" 84 ადგილი აქვს, დანარჩენი ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს.
ღარიბაშვილისთვის ეს იქნება პირველი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში თითქმის ექვსი წლის შემდეგ. 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 2021 წლის თებერვალში მან კვლავ მოიპოვა პარლამენტის ნდობა და ამ პოსტზე გადამდგარი გიორგი გახარია შეცვალა.
ახლა გახარიას პარტიის წევრებს, ისევე როგორც ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ ღარიბაშვილისგან მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.