თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ქუთაისსა და ზუგდიდში დევნილ ვეტერანთა ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
60 დევნილ ოჯახს ბინები ახალაშენებულ საცხოვრებელ სახლებში გადაეცა. ფართების გადაცემის ცერემონიას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო.
„დღეს ნამდვილად განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან წელს დევნილთა სააგენტომ ახალი ინიციატივა წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვეძლევა გავაუმჯობესოთ ვეტერანი დევნილების საცხოვრებელი პირობები და მათ გადავცეთ ბინები", – განაცხადა ტიკარაძემ.
გარდა ამისა, სამინისტრო დამატებით დევნილ ვეტერანთა 100-მდე ოჯახს დაჰპირდა, რომ საცხოვრებელ ფართებს ქუთაისსა და ზუგდიდში უახლოეს მომავალში მიიღებენ.
ვეტერანი დევნილების განსახლების სპეციალური პროექტი წელს პირველად განხორციელდა.
დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.