თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ბათუმში დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა – რეგიონში მოქმედმა 65-მა კომპანიამ 1000-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ფორუმი ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის!" ფარგლებში.
სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული მომსახურების, ვაჭრობის, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.
ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღეს სასწავლებლებმა, რომლებმაც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზეს პროფესიული უნარების განვითარების პროგრამები.
„დასაქმების ფორუმი არის უნიკალური მეთოდოლოგიით შემუშავებული ღონისძიება, რომელიც საშუალებას აძლევს დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს პირდაპირი კავშირები დაამყარონ ფორმალური პროცედურების გარეშე. ღონისძიების შედეგიანობა არ იზომება მხოლოდ დღეს წარმატებული შეთანხმებების რაოდენობით, რადგან ფორუმზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა აქვთ დამსაქმებლებთან ურთიერთობის ღირებული გამოცდილება მიიღონ, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ", – განაცხადა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლია კილაძემ.
დასაქმების ფორუმები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რეგულარულად იმართება. ბათუმში იგი წელს მეორედ ჩატარდა. პირველი ფორუმი „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის" მაისში გაიმართა. მაშინ სამუშაოს მაძიებლებს 20-ზე მეტმა კომპანიამ 400-მდე სხვადასხვა ვაკანსია შესთავაზა.