თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მძიმედ დაიჭრა, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა.
შუახნის მამაკაცის სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია, ის 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
თანასოფლელების თქმით, სავარაუდოდ, ორივე - მოკლული და მკვლელიც შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. მამაკაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით, თავის არეში აქვს მიყენებული.
მეზობლებს შორის დაპირისპირება მუხრანში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
მამის გარდაცვალების გამო, მისმა შვილმა, 30 წლამდე მამაკაცმა ორი დღის შემდეგ თავი მოიკლა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა მამის სიკვდილი ვერ გადაიტანა და თავი ჩამოიხრჩო.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით, მკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარეობს.