ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება

© Sputnik / Natia Kvartskhavaაბიტურიენტები
აბიტურიენტები - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს საკითხზე, თუ როგორ მოხდება კოვიდ–ინფიცირებული აბიტურიენტების საგამოცდო პროცესში ჩართვა.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან საგამოცდო პროცესში ჩაერთვებიან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები.

გამოცდაზე რეგისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
რამდენიმე საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდების ხანგრძლივობა შეიცვალა

25 საგამოცდო ცენტრიდან 11 თბილისში იქნება, 3-3 ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი გაიხსნება ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.

განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა და უსაფრთხო საგამოცდო პროცესის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ყველა დეტალი განიხილა. საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფს თავად მიცკევიჩი უხელმძღვანელებს.

გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად შექმნილ საორგანიზაციო ჯგუფში, განათლების სამინისტროს, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გარდა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერია, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები არიან ჩართული. აღნიშნულ ჯგუფში შედიან ასევე „თელასის“, Energo-Pro Georgia-ს, „მაგთიკომისა“ და SkyTel-ის წარმომადგენლები.

მიცკევიჩი ჯგუფის წევრებთან ერთად აქტიურად მუშაობს საკითხზე, თუ როგორ მოხდება კოვიდ-ინფიცირებული აბიტურიენტების საგამოცდო პროცესში ჩართვა. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, თითქმის ყველა საგამოცდო ცენტრი უკვე აღჭურვილია საჭირო ინვენტარით.

გამოცდების განრიგის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.

ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3.700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 12.800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
ცნობილი გახდა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

მასწავლებლის საგნის გამოცდასა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28.700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

გამოცდები 2021 წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის და მასწავლებლობის მსურველი პირებისთვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.

იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. „ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0