აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება

© photo: press-service Georgia Tourism Administration ბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
აჭარის რეგიონში არსებულმა კვებისა და განთავსების ყველა ობიექტმა დანერგა ის სტანდარტები, რომლებიც სტუმრების უსაფრთხო მასპინძლობისთვისაა საჭირო.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. აჭარის რეგიონში ზაფხულის ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად იხსნება, რასთან დაკავშირებითაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, ფრანების შოუ ზღვის სანაპიროზე, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ავიაშოუ ანბანის კოშკთან, ბალეტი ღია ცის ქვეშ და DJ საზაფხულო თეატრთან.

ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
აჭარაში ტურისტულ სფეროში დასაქმებულთა ვაქცინაცია დაიწყო

„აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, რაც ნიშნავს, რომ პანდემიის პარალელურად კვების, განთავსების და სხვა სერვისების მიმწოდებლების მიერ დანერგილია ის სტანდარტი, რაც ვიზიტორების უსაფრთხოდ მიღებისთვის არის საჭირო. წელს ტურისტული სეზონი და ვიზიტორების მიღება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვანიჭებს", – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა უფასო იქნება.

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი", რომელზე დასწრებაც ასევე უფასო იქნება.

წელს რეგიონი ზღვაზე დასვენებასთან ერთად სტუმრებს ახალ ტურისტულ ადგილებსა და პროდუქტებს შესთავაზებს. მათ შორის იქნება კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა–შუახევში, ახალი საპიკნიკე ადგილები ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში. გარდა ამისა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ახალ ტურისტულ ბილიკებზე იმოგზაურონ ღორჯომის ხეობაში, ჭვანა-კინტრიშის ხეობასა და კაპნისთავში.

„სტუმრებისთვის ოფიციალურად გახსნილია რეგიონში მოქმედი ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია. განახლებული პეტრას ციხეც ვიზიტორების მოლოდინშია“, – აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მუშაობა განაახლეს აგრეთვე პანდემიის გამო შეჩერებულმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე გაიხსნა და ისინი ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.

გუშინ, აჭარის რეგიონში ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე კულტურისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.

პანდემიის დაწყებიდან პირველად აჭარის რეგიონი უცხოელ ვიზიტორებს უმასპინძლებს როგორც მეზობელი, ისე იმ სამიზნე ქვეყნებიდან, საიდანაც ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0