თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ბრიტანული როკ-ჯგუფი Pink Floyd-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა როჯერ უოტერსმა უხეში ფორმით უთხრა უარი მარკ ცუკერბერგს წინადადებაზე – „უზარმაზარ“ თანხად მიეყიდა მისთვის სიმღერა Another Brick in the Wall-ის მეორე ნაწილი.
გავრცელებული ინფორმაციით, Facebook-ის დამაარსებელს კომპოზიცია კომპანიის შესახებ ფილმში გამოსაყენებლად სჭირდებოდა.
უოტერსმა ცუკერბერგის წერილი საჯაროდ წაიკითხა ფორუმზე, რომელიც Wikileaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის მხარდასაჭერად იყო მოწყობილი.
„ეს არის თხოვნა ჩემი სიმღერის Another Brick in the Wall-2-ის გამოყენებაზე Instagram-ის პოპულარიზაციის მიზნით. მოკლედ, ეს არის მარკ ცუკერბერგის ოფიციალური წერილი ჩემდამი... უზარმაზარი, გიგანტური თანხის შემოთავაზებით. და ჩემი პასუხია: ეშმაკებშიც წასულხარ, არავითარ შემთხვევაში!“ — განაცხადა ლეგენდარულმა მუსიკოსმა.
უოტერსმა ხაზი გაუსვა, რომ ცუკერბერგის შეთავაზებულ „სისულელეში“ მონაწილეობას არ მიიღებს.
„მათ სურთ გამოიყენონ სიმღერა იმისთვის, რომ Facebook-ი და Instagram-ი კიდევ უფრო დიდი და მძლავრი გახადონ, რათა ცენზურა დაგვიწესონ ყველას, ვინც ამ ოთახში ვართ და არ დაუშვან, რომ ჯულიან ასანჟის ისტორია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს“, — აღნიშნა მან.
ამასთან Facebook-ის დამფუძნებელს მან „მსოფლიოში ძალაუფლების მქონე ერთ-ერთ ყველაზე დიდი სულელი“ და „წვრილმანი არამზადა“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ თავად როჯერ უოტერსი სოციალური ქსელებით სარგებლობს. მის Instagram-გვერდს დაახლოებით მილიონი ხელმომწერი ჰყავს.