თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტრო უახლოეს ოთხ წელიწადში 20 მლნ ლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას გეგმავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის შედეგად საქართველოს საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში.
„პანდემიის გავლენით გაზრდილი მთავრობის ვალის პირობებში, მომდევნო წლებში საკრედიტო რესურსებით დაფინანსდება მხოლოდ მაღალი ეკონომიკური უკუგების მქონე პროექტები, ხოლო ის პროექტები, რომლებსაც ეკონომიკურზე მეტად სოციალური ეფექტები აქვს, დაფინანსდება საბიუჯეტო რესურსების ფარგლებში“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში გრძელდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა. ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, შემუშავებულია საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია, რომელშიც ასახულია პროექტების შერჩევისა და შეფასების მსოფლიოში არსებული საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა.
რეფორმის მთავარი მიზანია ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური და სოციალური ეფექტის მქონე პროექტები.
კორონავირუსის პანდემიამ ადგილობრივ ბიზნესს უზარმაზარი ზარალი მიაყენა. საქართველოს ეკონომიკა COVID-19–ის მძიმე შედეგებს განიცდის, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროს შეეხო. ეკონომიკის ვარდნის ტემპები კორონავირუსის მეორე ტალღის დროს დაჩქარდა, რამაც 2020 წელს მშპ–ის 6.2%–ით შემცირება გამოიწვია.
ასევე გასულ წელს, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 31.3%–ით გაიზარდა საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალისა და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების მოცულობა და 7.5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.