თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ბათუმის საზღვაო პორტში მინერალური სასუქების მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალი გაიხსნა.
ახალი ტერმინალი წელიწადში 1,5 მლნ ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. პროექტში 25 მლნ დოლარია ჩადებული.
„პროექტი შექმნილია ამერიკული, უზბეკური და ქართული ინვესტიციის სინერგიით, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც კარიბჭე ამ რეგიონში, კერძოდ, ბათუმის პორტი, რომელიც აკავშირებს ევროპისა და აზიის, დასავლურ და აღმოსავლურ ბაზრებს, რეალურად მასპინძლობს ასეთ პროექტს. ეს მაგალითია იმის, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ახალი ტერმინალის გახსნის ცერემონიაზე.
თურნავას განცხადებით, ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანის გავლით მომავალი ტვირთი ბათუმის პორტიდან გადანაწილდება აშშ-ში, ევროპაში, აფრიკაში, ავსტრალიაში.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში იზრდება მინერალურ სასუქებზე მოთხოვნა, რადგან, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, იზრდება მოთხოვნა სოფლის მეურნეობის წარმოებასა და კვების პროდუქტებზე. ამიტომ ეს იქნება მზარდი, საინტერესო, მომგებიანი და პერსპექტიული ბიზნესი.
პროტესტის მიუხედავად
სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობა არაერთხელ გამოვიდა ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ. ასევე საპროტესტო აქციები მოაწყვეს თავად ბათუმის მცხოვრებლებმა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ იგეგმებოდა ქიმიური ტერმინალის მშენებლობა. კარბამიდთან ერთად, მათი აზრით, შემოიტანდნენ სხვა ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც საშიშია ადამიანებისა და გარემოსთვის.
გასული წლის მარტში მშენებლობა სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. მაშინ სასამართლომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაავალდებულა, მოემზადებინა და წარედგინა დასკვნა, თუ რა ზეგავლენას მოახდენდა ტერმინალის მშენებლობა და მისი ექსპლუატაცია გარემოზე.
თურნავას განცხადებით, ეს სრულიად უსაფრთხო პროექტია, რომელიც აშენდა ეკოლოგიურად სუფთა უახლესი ტექნოლოგიებით და ინვესტორებმა პრაქტიკულად პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობდა.
თურნავამ აღნიშნა, რომ პროექტთან დაკავშირებით იყო კითხვები, მოსახლეობის პროტესტი, რაც ბუნებრივია. მისი თქმით, ბათუმი ვითარდება როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილი, ამიტომ სამრეწველო ობიექტები აქ განსაკუთრებულ ეკოლკოგიურ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.
„ყველა სანებართვო პროცესი არის შესრულებული, ტერმინალში ძირითადად დამონტაჟებულია „სიმენსის“ აპარატურა, ასევე დამონტაჟებულია სხვადასხვა სახის ფილტრები, მათ შორის ჰაერში გაფრქვევისა თუ მტვრის შემაკავებელი ფილტრები და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ ტერმინალი, რომელიც ევროპული და ამერიკული ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, სრულიად უსაფრთხოდ მოემსახურება გლობალურ გადაზიდვებს და ახალ სამუშაო ადგილებს შემატებს რეგიონს“, – განაცხადა მინისტრმა.
საწყის ეტაპზე ტერმინალში დასაქმებულია 100 ადამიანი. მომავალში დასაქმებულთა შორის ადგილობრივი მცხოვრებლების რაოდენობა გაიზრდება.
ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია Trammo და კომპანია Wondernet Exspress Investment Group.