ხელოვანი ბოლო გზაზე მისმა ოჯახმა, მეგობრებმა, კოლეგებმა, ქვეყნის პირველმა პირებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა გააცილეს.
იმავდროულად პანაშვიდი გაიმართა გაბრიაძის მშობლიურ ქუთაისშიც − წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ასევე მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ეკლესიებშიც.
რეზო გაბრიაძე არის 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორი, რომლებიც ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა. მათ შორისაა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი „მიმინო“, „არ დაიდარდო“, „ქინ-ძა-ძა“.
რეზო გაბრიაძეს მინიჭებული აქვს სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია, „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“. ის ასევე არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.