„სამი კაკალი კონკიასათვის“ - გარდაიცვალა საკულტო ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი

CC0 / Wikipedia / ლიბუშე შაფრანკოვა
ლიბუშე შაფრანკოვა - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
აღნიშნულია, რომ მსახიობი წლების განმავლობაში ებრძოდა ფილტვის კიბოს, მაგრამ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ საჯაროვდება.

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. 68 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხი მსახიობი ლიბუშე შაფრანკოვა - 1973 წელს გამოსული ცნობილი ფილმის „სამი კაკალი კონკიასათვის“ ვარსკვლავი, იუწყება CNN Prima News.

აღნიშნულია, რომ მსახიობი წლების განმავლობაში ფილტვის კიბოს ებრძოდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ საჯაროვდება.

ლიბუშე შაფრანკოვა 1953 წლის 7 ივნისს ჩეხეთის ქალაქ ბრნოში დაიბადა. იქვე დაამთავრა თეატრალური სასწავლებელი. პირველი წარმატება მოუტანა მწერალ ბოჟენა ნემცოვას რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა „ბებიამ“.

შაფრანკოვამ სახელი გაითქვა რეჟისორ ვაცლავ ვორლიჩეკის ფილმით „სამი კაკალი კონკიასათვის“, სადაც მთავარი როლი შეასრულა. მაშინ იგი 19 წლის იყო.

 

ვაცლავ ვორლიჩეკის ნამუშევარი ძველი ზღაპრის ერთ-ერთ საუკეთესო ადაპტაციად ითვლება. ცნობილი სურათის გამოსვლის შემდეგ ლიბუშემ სახელი გაითქვა სხვადასხვა ქვეყანაში და მაყურებლების დიდი სიყვარული დაიმსახურა. ამ როლმა გავლენა იქონია მსახიობის მომავალზეც - მას „კინემატოგრაფის საუკეთესო პრინცესას“ უწოდებდნენ, იმდენად წარმატებით განასახიერებდა ის უმანკო, კეთილ და მომხიბვლელ კინოგმირებს.

მსახიობმა ოცდაათზე მეტ ფილმში ითამაშა, მათ შორისაა „ქალთევზა“(1975), „პრინცი და ღამის ვარსკვლავი“ (1979), „მესამე პრინცი“ (1982), „ფიფქების ზეიმი“ (1983).

2015 წელს ჩეხეთის პრეზიდენტმა შაფრანკოვას ხელოვნების სფეროში უმაღლესი ჯილდო გადასცა. ავადმყოფობის გამო შაფრანკოვას მედალი მისმა დამ, მიროსლავამ აიღო. იგი ლიბუშესთან ერთად „ქალთევზაში“ მონაწილეობდა.

შაფრანკოვას და მის მეუღლეს, იოზეფ აბრგამს, ჰყავთ ვაჟი იოზეფ აბრგამ-უმცროსი. იგი პროდიუსერია და გადაღებული აქვს ხუთი სერიალი.

„მშვიდად განისვენე, ლიბუშკა. ჩვენ შოკში ვართ“, - ჩეხური სოციალური ქსელები სამძიმრის პოსტებით გაივსო.

ყველა ახალი ამბავი
0