დიდ ბრიტანეთში ბევრს საუბრობდნენ, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილისთვის ლილიბეტის დარქმევა უხეშობა და დამამცირებელია, რადგან ეს დედოფლის ოჯახური მეტსახელია. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პრინცმა ჰარიმ ამის შესახებ დედოფალისგან ნებართვა აიღო. როგორც ცნობილია, 36 წლის ჰარის ბებიასთან ახლო ურთიერთობა აქვს და პატარა ლილიბეტიც დედოფალს უკვე „წარუდგა“ ვიდეოზარით.
„ჰარი და მეგანი ვერ მალავდნენ ემოციებს, როცა დედოფალს ესაუბრებოდნენ. ისინი მოუთმენლად ელოდნენ ვიდეოზარით ლილიბეტის დედოფალთან წარდგენას“, – აღნიშნავენ უცხოურ მედიაში.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 4 ივნისს გოგონას მშობლები გახდნენ. წყვილმა ქალიშვილს ლილიბეტ დაიანა დაარქვა. ოფიციალურად კი სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ქალიშვილს დაარქვეს ლილიბეტ (ლილი) დაიანა მაუნტბეტენ-უინძორი.
გოგონა სანტა-ბარბარას კლინიკაში დაიბადა. ამჟამად დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ და უკვე სახლშიც გაეწერნენ. წყვილმა სახელი ლილი მისი უდიდებულესობის, დედოფლის პატივსაცემად დაარქვა, რომლის ოჯახური მეტსახელიც არის ლილიბეტი. მისი მეორე სახელი კი საყვარელი ბებიის, უელსის პრინცესის პატივსაცემად შეარჩიეს.
წყვილისთვის ლილი მეორე შვილია. მათ ასევე ჰყავთ ორი წლის ვაჟი არჩი ჰარისონ მაუნტბეტენ-უინძორი. ჰერცოგი და ჰერცოგინია საზოგადოებას მადლობას უხდიან თბილი სურვილებისა და მილოცვისთვის.
წყვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ოთხ ივნისს ჩვენ გავხდით ქალიშვილის, ლილის მოვლენის ღირსები. ის არის უფრო მეტი ჩვენთვის, ვიდრე წარმოვიდგენდით. მადლიერები ვართ სიყვარულისა და მილოცვებისთვის, რასაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიღებთ. გმადლობთ მუდმივი სიკეთისა და მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი ოჯახისადმი გამოგიჩენიათ".
ამ ეტაპზე მეგანისა და ჰარის გოგონას არ აქვს პრინცესას ტიტული, ისევე, როგორც მისი ძმა არჩი არ არის პრინცი. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პრინცი ჩარლზი გამეფდება.
ჰარიმ და მეგანმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუს დროს ისაუბრეს, რომ გოგონას შემდეგ ისინი შვილების გაჩენას აღარ გეგმავენ.
ჰარიმ და მეგანმა ჰერცოგინიას მეორე ორსულობის შესახებ ვალენტინობის დღეს განაცხადეს, ისევე, როგორც პრინცესა დაიანამ განაცხადა ამ დღეს ჰარიზე ფეხმძიმობის შესახებ.