თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, იმ ურთულეს გართულებებზე ჰყვება, რაც ვირუსმა დაუტოვა. აღნიშნულ თემაზე ხიდაშელმა „მთავარ არხზე“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში” ისაუბრა.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრები ვირუსს ადვილად გადაურჩნენ, მას კი უკვე მეოთხე დღიდან ადგომაც კი გაუჭირდა, შემდეგ იყო კლინიკაში მაღალი ტემპერატურით.
„რა თქმა უნდა, ფილტვები იყო მთავარი პრობლემა, თუმცა ძალიან სწრაფად დაიწყო სხვა ორგანოების ჩათრევაც, რამაც დაამძიმა შემდეგ ბუნებრივად მდგომარეობა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად მკურნალობა საჭირო გახდა ყველა ორგანოზე. მაგალითად, ღვიძლი სერიოზული პრობლემის წინაშე იყო, თირკმელი ამ წუთას ძალიან სერიოზულ პრობლემას მიქმნის, ეს რაღაც დაავადება დამემართა სახეზე და, აი, ასეთ მდგომარეობაში მაქვს ახლა სახე, გასიებული კატასტროფულად. ერთია სახის გასიება, კარგი, არა უშავს, ჩაცხრება, მაგრამ დეფორმაცია გამოიწვია ასევე სახის და არ ვიცი როდესაც ეს ჩაცხრება, რა მდგომარეობაში დარჩება“, – ამბობს ხიდაშელი.
მისი თქმით, თმამაც კი შეწყვიტა ზრდა – ოთხი თვის წინ შეღებილი თმა არც ერთი მილიმეტრით არ გაზრდია. ყველაზე მეტად კი სახსრები აწუხებს.
„ჩემით ვერ დავდივარ, იყო მომენტი, როდესაც ორი ადამიანი მჭირდებოდა, რომ გამევლო, ახლა სიარულს ვახერხებ, ოღონდ სიარულამდე უნდა მივიდე, ანუ ვერ ვდგები ჩემით, მერე ვერ ვჯდები”, – ამბობს თინა ხიდაშელი.
თინა ხიდაშელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაუდასტურდა და მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც პოლიტიკოსი წერს, ავადმყოფობის გამო ბევრი რამ გამოტოვა: თოვლი თბილისში, გაზაფხულის მოსვლა, შვილის დაბადების დღე, ბზობა, აღდგომა, რადგან თავი ვერ დააღწია საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს...