თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში დაახლოებით 19,3 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0,5%–ით ნაკლებია, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.
2021 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული დანაშაულებიდან გახსნილია მესამედზე მეტი, დანარჩენების გამოძიება გრძელდება.
შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.
თვე | დანაშაულის რაოდენობა |
აპრილი | 5 350 |
მარტი | 5 145 |
თებერვალი | 4 915 |
იანვარი | 4 703 |
დანაშაული საქართველოში
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან აპრილის ჩათვლით დაახლოებით 5,5 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 31,28%.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ოთხ თვეში დაფიქსირდა 1,8 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 64,2%.
მესამე ადგილზე კი სატრანსპორტო დანაშაული აღმოჩნდა – 1,3 ათასი ფაქტი ოთხ თვეში, საიდანაც გახსნილია 6,54%.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული
დანაშაულის სახეობა | შემთხვევების რაოდენობა |
ქურდობა | 5 476 |
ოჯახური ძალადობა | 1 767 |
სატრანსპორტო დანაშაული | 1 269 |
ნარკოდანაშაული | 1 200 |
მუქარა | 1 075 |
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 28 მკვლელობა, აქედან 12 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 112 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 42 – გაუპატიურება, 3 - ადამიანების მძევლად აყვანა, 6 – ადამიანებით ვაჭრობა, 6 – მექრთამეობა, 5 - ტერორიზმი.
რამდენი დაისაჯა
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 6.618 ადამიანი. აქედან 454 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 2.178 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.