თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. მაშველები თბილისის ზღვაში შესული მოზარდი ნაპირზე გამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისის ზღვაზე, წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ითხოვდა მაშველების დახმარებას.
ცენტრმა შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა. მეხანძრე-მაშველები სპეციალური მცურავი საშუალებებით არასრულწლოვანთან დროულად მივიდნენ და ნაპირიდან 20-25 მეტრის მოშორებით მყოფი მოზარდი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.