თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მორიგი ვარჯიში ჩაატარა ნიდერლანდის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ, რომელიც 6 ივნისს ენსხედეში გაიმართება.
ვარჯიშში 24-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ყველამ, გარდა ირაკლი აზაროვისა, რომელსაც მცირე დაზიანება აქვს. საბა კვერკველია, რომელიც დისკვალიფიცირებულია, ასევე ვერ მიიღებს მონაწილეობას მატჩში. მაგრამ „როტორის“ მცველმა ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო.
„ნიდერლანდის ნაკრები - მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ასეთი დონის მეტოქესთან თამაში ძალიან სასიამოვნოა. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, ფეხბურთი ვითამაშოთ და დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ“, - მოჰყავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის სიტყვები.
კიტეიშვილის თქმით, დღევანდელ თამაშში გუნდს უნდა დაეხმაროს დადებითი ემოციები რუმინეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ (2:1).
„ეროვნულ ნაკრებში გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური. რუმინეთთან მოპოვებულ გამარჯვებას ძალიან დადებითი ემოციები მოყვა. შესაძლოა, ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ გამარჯვება მოვახერხეთ და დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ“, - განაცხადა კიტეიშვილმა.
საქართველოს და ნიდერლანდის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში პირველად შეხვდებიან.
ნაკრებებს შორის მატჩი 6 ივნისს ქალაქ ენსხედეში „გროლს ვესტეს“ (Grols Veste) სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.