6 წლის წინ ეკა ყუშიტაშვილისა და პატრულის თანამშრომლის სიტყვიერი დაპირისპირება ინტერნეტჰიტად იქცა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყურადღება განსაკუთრებით იმ გარემოებამ მიიპყრო, რომ გავრცელებულ ვიდეოში ეკა სამართალდამცველს საპატრულო პოლიციის მაშინდელი ხელმძღვანელის დავით ცინარიძის სახელს უხსენებდა და ცდილობდა ამით მასზე ზემოქმედება მოეხდინა.
ამ ამბის შემდეგ ეკა ყუშიტაშვილი სხვადასხვა სატელევიზიო შოუს სასურველ სტუმრად იქცა.
როგორც ახლა ambebi.ge-სთან ინტერვიუში ჰყვება, ყველაფერი 8 წლის წინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ ცნობილ ესთეტიკურ ცენტრს ტუჩის ასიმეტრიის პრობლემის მოსაგვარებლად მიაკითხა. მოატყუეს და 22 წლის გოგოს ტუჩში ფილერის ნაცვლად ბიოპოლიმერი შეუყვანეს, რის გამოც წლების შემდეგ, 21 მაისს ეკამ ურთულესი ოპერაცია გაიკეთა.
მისი თქმით, მსგავსი ქირურგიული ჩარევა საქართველოში პირველად ჩატარდა. ჩაუტარდა ზედა და ქვედა ტუჩის პლასტიკა 5-საათიანი ნარკოზით. ორივე ტუჩიდან ამოუღეს ბიოპოლიმერი. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ რეაბილიტაციის პერიოდში ორი კვირა ვერ საუბრობდა და ვერც ჭამდა.