თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი (Tbilisi Jazz Festival) მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებს 6–8 ივლისს შეკრებს, ნათქვამია ფესტივალის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
წელს ფესტივალი სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში ჩატარდება.
ფესტივალის პირველ დღეს კონცერტი გაიმართება, რომელზეც ხუთი „გრემის“ მფლობელი ანტონიო სანჩესი და ამერიკელი საქსოფონისტი დონი მაკასლინი გამოვლენ. საღამოში ასევე მიიღებს მონაწილეობას მრავალჯერადი „გრემის“ ნომინანტი, პუერტორიკოელი ალტ-საქსოფონისტი მიგელ ზენონი.
ფესტივალის შემდეგი დღე, 7 ივლისი ამერიკელი საქსოფონისტის ბრენფორდ მარსალისის საღამოს მიეძღვნება. ფესტივალი 8 ივლისს Monty Alexander Trio-თი დასრულდება.
თბილისში ჯაზის ფესტივალი პირველად ჯერ კიდევ 1978 წელს ჩატარდა. ტრადიცია 1998 წელს Eastern Promotions-მა აღადგინა.