თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოში პირბადის ტარების რეჟიმის დაცვა ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში პირბადის როგორც ღია, ისე დახურულ რეჟიმში ტარება სავალდებულო გასული წლის შემოდგომიდან არის. აღნიშნული რეგულაციის დარღვევა 20 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი კვლავინდებურად დაბალია და დაახლოებით 60%–ს შეადგენს.
„იყო 40%, ახლა 60%–ს მიაღია, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 90–95%–ია და თან იქ ვაქცინირებულთა რაოდენობა მოსახლეობის ორი მესამედია. ერთადერთი, ვინც აღნიშნული შეზღუდვა გააუქმა, ისიც ღია სივრცეში, ისრაელია. საქართველოში პირბადის ტარება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, განაცხადა ცერცვაძემ „პირველ არხთან“.
ადრე ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახლო მომავალში შეიძლება ქვეყანაში პირბადის ტარების რეჟიმი შემსუბუქდეს. კერძოდ, შესაძლოა, ივლისიდან მისი გამოყენება სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს.