ქართულ გალობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმეტეხის ტაძარი
მეტეხის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
ქართული გალობა მრავალხმიან მუსიკალურ ფოლკლორთან ერთად ქართველთა მიერ აღიარებულია ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოდ, აღნიშნავს ფოლკლორის ცენტრი

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია ფოლკლორის ცენტრის განცხადებაში.

პრემიერი: ქართულ საგალობლებს ქვეყნის მასშტაბით შეასწავლიან>>

ქართული გალობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს ქართულ საგალობელთან დაკავშირებული კულტურული ფენომენისა და ღირებულებების შენარჩუნებას, აღნიშნულია ცენტრის ინფორმაციაში.

„ქართული გალობა, მრავალხმიან მუსიკალურ ფოლკლორთან ერთად, ქართველთა მიერ აღიარებულია, როგორც ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო; იგი უნიკალური ტრადიციაა, რომელშიც ორგანულად არის შერწყმული ეროვნული მრავალხმიანი აზროვნებისა და ქრისტიანული მსოფლმხედველობის ესთეტიკური პრინციპები“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცენტრის ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართული გალობა, ერთი მხრივ, ეროვნული, საქართველოში წარმოშობილი და განვითარებული ტრადიციაა, ხოლო, მეორე მხრივ - მასში განსაკუთრებით ჩანს ქართული კულტურის ერთიანობა ევროპულ ქრისტიანულ სამყაროსთან.

სამების საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2017
ქართული საგალობლები

„მეცნიერთა ვარაუდით, საეკლესიო მუსიკაში მრავალხმიანობა ყველაზე უწინ საქართველოში ჩამოყალიბდა, X-XI საუკუნეებში განვითარების კლასიკურ ეტაპს მიაღწია, ხოლო XII-XIII საუკუნეებში, მთლიან ქართულ კულტურასთან ერთად, რენესანსული მსოფლმხედველობით განიმსჭვალა. შესაბამისად, ქართული საგალობელი არა მხოლოდ ეროვნული, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროს კულტურული საგანძურია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ტრადიციული საეკლესიო მუსიკისათვის/ქართული გალობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს ქართული გალობის სწავლა-გადაცემას, ცოცხალ პროცესში შესრულების აუცილებლობას, ამ უნიკალური პოლიფონიური ხელოვნების ახალგაზრდებში პოპულარიზებას, საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების მეტად დაინტერესებას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის ამაღლებას, აღნიშნავენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.

ყველა ახალი ამბავი
0