პეტრა - ბიზანტიური ციხე-ქალაქის კარგად შემონახული ნანგრევები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე.
პეტრის აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან, გალავნის გარდა, კლდოვანი რელიეფი იცავდა (აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება „პეტრა“ — ქვა, კლდე) და ის მიუვალ ციხედ ითვლებოდა.
პეტრას ისტორია XIX საუკუნის 30-იანი წლებიდანაა ისტორიკოსთა განხილვის საგანი. 1908 წელს იქ აღმოჩინეს მდიდარი სამარხი (ნაპოვნია ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი, რომელიც ერმიტაჟში ინახება.). გათხრებისას აღმოჩენილი განძის კვლევამ დაადგინა, რომ პეტრას ციხე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ერისთავის რეზიდენცია ყოფილა.
ახლა იქ მოხერხებული ინფრასტრუქტურა მოეწყო და ისტორიული ციხე-ქალაქის ნანგრევები ტურისტებისთვის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა.