თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. 1 ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად იხსნება, ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა.
დღეიდან საქართველოში რესტორნები და კვების ობიექტები კლიენტების მომსახურებას შაბათ-კვირის ჩათვლით დახურულ სივრცეებშიც შეძლებენ.
რესტორნები და კაფეები „კომენდანტის საათის“ დადგომამდე, 23:00 საათამდე იმუშავებენ.
ამ ეტაპზე კვლავ ძალაშია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.
ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა მუშაობა შიდა სივრცეებში (შაბათ-კვირის გარდა) 8 მარტიდან განაახლეს.