თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ქუვეითური ლოუკოსტერი Jazeera Airways საქართველოსთან რეგულარულ პირდაპირ ავიამიმოსვლას 3 ივნისიდან განაახლებს, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში შეტანილი განაცხადის თანახმად, 3 ივნისიდან რეისები ელ-ქუვეითი–თბილისი–ელ-ქუვეითი თავდაპირველად კვირაში ერთხელ – ხუთშაბათობით შესრულდება.
12 ივნისიდან კი დაემატება კიდევ ერთი რეგულარული რეისი, რომელიც შაბათობით შესრულდება.
ამასთან, ავიაკომპანიის განცხადებით, საზაფხულო ნავიგაციის ბოლოსთვის (29 ოქტომბერს) ფრენების სიხშირე აღნიშნული მიმართულებით ეტაპობრივად გაიზრდება და ფრენები კვირაში ოთხჯერ შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო გადაზიდვების შესასრულებლად სათანადო ნებართვა ნავიგაციის სეზონის დასაწყისში მისცა.
Jazeera Airways საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წელს შემოვიდა.
საქართველომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 1 თებერვალს განაახლა.