ქეცბაია „ანორთოსისში“ რჩება – ქართველმა მწვრთნელმა კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა

© photo: AFP 2020 / GEORGE MICHAELთემურ ქეცბაია
თემურ ქეცბაია - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
თემურ ქეცბაიამ ორი კვირის წინ კვიპროსულ „ანორთოსისს“ თასი მოაგებინა. ადგილობრივ მასმედიაში კლუბში დარჩენის გადაწყვეტილებას სწორედ აღნიშნულ წარმატებას უკავშირებენ.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. კვიპროსის „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კლუბთან მუშაობას 2023 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს, ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონტრაქტის ფინანსური მხარე არ საჯაროვდება.

საქართველოს ნაკრების ვეტერან ფეხბურთელს კვიპროსულ გუნდთან კონტრაქტი წელს ეწურებოდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეცბაია სეზონის დასრულების შემდეგ „ანორთოსისს“ დატოვებდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „ანორთოსისმა“ 2020/2021 წლების სეზონში კვიპროსის თასი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ფამაგუსტელებს 2008 წლის შემდეგ ტიტული არ მოუგიათ. „ანორთოსისმა“ 2008 წელს კვიპროსის ჩემპიონატი მოიგო და გუნდს მაშინაც ქეცბაია წვრთნიდა.

ქეცბაია „ანორთოსისში“ 2004 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა, შემდეგ, 2019 წლიდან ის კლუბს კვლავ ჩაუდგა სათავეში. ქართველი სპეციალისტის თავკაცობით „ანორთოსისმა“ ორჯერ მოიგო კვიპროსის ჩემპიონატი (2005, 2008) და თითოჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი (2007).

ყველა ახალი ამბავი
0