თბილისი, 28 მაისი — Sputnik. კორონავირუსული დაავადება COVID-19−ით გარდაცვლილთაგან ინფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ან ამის რისკი უკიდურესად მცირეა, აცხადებენ ინდოეთის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის (AIIMS) ექსპერტები.
ინდოელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მიცვალებულებისგან COVID-19−ით ინფიცირების თაობაზე გავრცელებული ხმები გადაჭარბებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, AIIMS−ის ექსპერტებმა კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც COVID-19-ით გარდაცვლილების ცხედრები გაკვეთეს — პირველად 12 საათის, განმეორებით კი 24 საათის შემდეგ.
„დაახლოებით 100 ცხედარს კორონავირუსულ ინფექციაზე განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა გარდაცვალებიდან 12−24 საათის შემდეგ და შედეგები ყველა შემთხვევაში უარყოფითი იყო. ამ დროის გასვლის შემდეგ ვირუსი საერთოდ აღარ არის აქტიური, რის გამოც დაავადების გადადების შანსი უკიდურესად დაბალია და პრაქტიკულად შეუძლებელია“, — განაცხადა AIIMS−ის მთავარმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, პროფესორმა სუდჰირ გუფთამ.
ამასთან ექსპერტი მაინც მოუწოდებს ყველას სიფრთხილის ზომების დაცვისკენ და აცხადებს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილებს ცხვირი და პირი, ან კათეტერების შედეგად დარჩენილი ღრუები კარგად უნდა ჰქონდეთ დაფარული, რათა ბიოლოგიური სითხეების გაჟონვა არ მოხდეს.