თბილისი, 27 მაისი - Sputnik. პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში თბილისიდან გუშინ დაბრუნდნენ და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ მობილიზებული საპოლიციო ძალები და რკინის კონსტრუქციები დახვდათ.
უწყების მტკიცებით, შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.
„სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, -აღნიშნულია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
გუმათში პროტესტს წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტეტსტო აქციები საქართველოს დედაქალაქში, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს დაიწყო.
მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.