თბილისი, 27 მაისი - Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ საფრანგეთის ღია პირველობის (Roland Garros) ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
29 წლის გორგოძემ, რომელიც WTA-ს რეიტინგში 222-ე ადგილს იკავებს, კვალიფიკაციის ფინალურ ეტაპზე ესპანელი ნურია პარიზა დიაზი დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს რეიტინგში 165-ე პოზიციაზე მყოფ ესპანელს ანგარიშით 6:3, 6:4 სძლია და შედეგად, ის დიდი სლემის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ქართველ და ესპანელ ჩოგბურთელს შორის დაპირისპირება დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა.
საფრანგეთის ღია პირველობის ძირითადი ბადის თამაშები ჯერ ცნობილი არ არის. ეკატერინე გორგოძის მეტოქეს საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა თამაშის დასრულების შემდეგ შევიტყობთ.
ქართველმა ჩოგბურთელმა საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ რაუნდში 28-ე ნომრად განთესილი მექსიკელი რენატა ზარაზუა დაამარცხა, შემდეგ კი ბულგარელ ოლიცა კოსტოვას სძლია.