თბილისელებისთვის გაზის საფასური გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
გაზის ტარიფის კორექტირების გადაწყვეტილება თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით არის მიღებული.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით 1 ივნისიდან თბილისის მცხოვრებლები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 53.972 თეთრს გადაიხდიან 46,138 თეთრის ნაცვლად.

სემეკმა ტარიფის კორექტირების გადაწყვეტილება ხუთშაბათს თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით მიიღო.

სემეკმა შპს „თბილისი ენერჯისთვის“ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის მიზნით სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაიწყო.

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
ფინანსისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოაქვეყნონ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფები

2020 წლიდან თბილისის მცხოვრებლები კუბურ მეტრ გაზში 46.138 თეთრს იხდიან. ტარიფი ძალაში 2020 წლის 1 იანვარს შევიდა და 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ემოქმედა.

სანამ სემეკის გადაწყვეტილების შესახებ გახდებოდა ცნობილი, გაზის სამომხმარებლო ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადება გაზგამანაწილებელმა კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ  ვალუტის კურსის გამო კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს. სემეკის 2019 წლის დადგენილებით კი ყიდის 26 თეთრად. ამ მიზეზით ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში „თბილისი ენერჯიმ“ 25 მილიონი ლარი იზარალა, რის გამოც საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის გაზის ქსელის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, გაზის მიმდინარე ტარიფის გაანგარიშების დროს ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2.37 ლარს შეადგენდა.

„თბილისი ენერჯის“ მომსახურების არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე, ამით კომპანია წელში გასწორდება, რათა შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის უსაფრთხო და უწყვეტ მიწოდებას ჩვენი მომხმარებლებისთვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გაზის ახალი ტარიფი 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი მნიშვნელოვნად გამყარდება, მარეგულირებელ კომპანიას აქვს უფლებამოსილება, „თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედოს.

ყველა ახალი ამბავი
0